ბოლო წლებში განსაკუთრებით ტრენდულია ბუნებრიობა და ნაკლები მაკიაჟი. დამეთანხმებით ალბათ, რომ სულ მცირე მაკიაჟიც კი ანათებს სახეს და გამოკვეთს ნაკვთებს. თუმცა, ზოგჯერ არ ვიცით მაკიაჟი როგორ და საიდან დავიწყოთ ან როდის დავასრულოთ. რაც გჭირდებათ, ეს არის მხოლოდ ცოტაოდენი მოთმინება და მაკიაჟის საფუძვლები, რომელსაც ამ ბლოგ პოსტში მაქსიმალურად მარტივად და მოკლედ მოგიყვებით.
რაც მთავარია, ნუ შეგეშინდებათ. თუ დამწყები ხართ, ყველაფერი შეიძლება რთულად გამოიყურებოდეს – ტუშის წასმაც კი შესაძლოა რთულ გამოწვევად მოგეჩვენოთ. თავდაპირველად შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე ნაბიჯის რამდენჯერმე გამეორება – ამის შემდეგ თქვენ თავს ექსპერტად იგრძნობთ. მოდი დავიწყოთ!
პირველ რიგში, მაკიაჟის დაწყებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ თქვენი ყოველდღიური და სანდო რუტინა. ამის შემდეგ სულ 3 ნაბიჯია, შემდეგი თანმიმდევრობით: სახის მოწესრიგება(ერთ ფერში მოყვანა); თვალის გამოკვეთა; ტუჩის შეფერვა.

სახე:
გვაქვს რამდენიმე ვარიანტი იმისთვის, რომ სახე ერთ ფერზე დავსვათ. აღნიშნული ვარიანტებიდან რომელს აირჩევთ იმაზეა დამოკიდებული თუ რა ტიპის დაფარვას ეძებთ:
- სუპერ ბუნებრივი და გამჭვირვალე დაფარვის მისაღწევად, კარგი ვარიანტია შეფერილი მზისგან დამცავი კრემი(BB/CC კრემი) ან შეფერილი დამატენიანებელი( Tinted Moisturizer). აღნიშნული საშუალებები არის ძალიან მსუბუქი. ამასთან, ასე არამარტო ერთ ფერზე დასვავთ კანს, არამედ დაიცავთ / დაიტენიანებთ სახეს.
- შემდეგი ვარიანტია ტონალური. ის უფრო უკეთეს დაფარვას უზრუნველყოფს(უფრო მარტივად ათანაბრებს კანის ფერს, ამცირებს გაუფერულებას და მუქ ლაქებს), ვიდრე BB/CC კრემი ან შეფერილი დამატენიანებელი. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტონალური უფრო მძიმე პროდუქტია და არ არის რეკომენდებული ყოველდღიური მსუბუქი მაკიაჟისთვის.
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სახის მოსაწესრიგებლად, ესაა კორექტორი და ბლაში. კორექტორი მოსახერხებელია მუქი წრეების და ლაქების შენიღბვისთვის, რაც სახეს გაანათებს და დაღლილობის ყველა ნიშანს წაშლის! ხოლო ბლაში სახეს შემატებს ჯანსაღ და ცინცხალ იერს.

თვალები:
თვალების გამოკვეთა იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. დაიწყეთ წარბების შესწორებით – თუ გჭირდებათ, შეავსეთ ცარიელი ადგილები წარბების ფანქრის გამოყენებით. იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენი დრო და ენერგია დანარჩენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ წარბების ტუში, რომელიც სავარცხლის ფუნქციასაც შეითავსებს და წარბებს ფერსაც მიანიჭებს.
თვალის გამოსაკვეთად, მთავარია შეარჩიოთ იმაზე მუქი ტონი, ვიდრე თქვენი კანის ტონია. არ აქვს მნიშვნელობა თვალს რით გამოკვეთთ, თვალის ჩრდილით, ლაინერით თუ ფანქრით, მთავარია ის თქვენს კანზე უფრო მუქი იყოს და წამწამების ზედა ხაზს თანაბრად მიჰყვებოდეს. თუ გინდათ, რომ რამდენიმე ტონში გარდამავალი ფერებით შეიღებოთ თვალი გაითვალისწინეთ შემდეგი: დაიწყეთ ყველაზე ღია ტონით და გადადით უფრო მუქ ტონებზე ეტაპობრივად. ღია ტონი მუქ ტონში უნდა გადადიოდეს შემდეგი მიმართულებით – ცხვირის კიდიდან თვალის კიდემდე. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ტუში, რომელიც მოცულობას შემატებს თქვენს წამწამებს.

ტუჩი:
შეუფერადებელი ტუჩი ძალიან უსიცოცხლოდ გამოიყურება, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ რომელიმე ტუჩის საცხი. არ არის სავალდებულო მაინცდამაინც ფერადი ტუჩსაცხის გამოყენება, მაგრამ ტუჩზე რაღაც უნდა დაიტანოთ, რომ შესძინოთ მას სიცოცხლე. როგორ ტუჩსაცხს დაიტანთ ტუჩზე ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აქვე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რომ მსუბუქი და პრიალა ტუჩსაცხები ხელს უწყობს მოცულობის ილუზიის შექმნას და ტუჩი უფრო სქელი ჩანს, ხოლო ინტენსიური და მუქი ტუჩსაცხების შემთხვევაში პირიქით, ტუჩი უფრო თხლად გამოიყურება.
© ELLI